Motorola-მ ახალი Moto G6 სერია წარადგინა 18:9 ეკრანითა და ორმაგი კამერებით

დაბრუნება Posts

Motorola-მ ახალი Moto G6 სერია წარადგინა 18:9 ეკრანითა და ორმაგი კამერებით


Motorola-ს Moto G სერია პირველი დღიდანვე პოზიციონირდებოდა ბიუჯეტურ-საშუალო კლასის $100-300 საფასო სეგმენტზე, რომელიც კომპანიისთვის საკმაოდ მომგებიანი გამოდგა, თანაც იმდენად მომგებიანი, რომ შეგვიძლია G სერია Motorola-ს ფლაგმანადაც კი ჩავთვალოთ.

გასული წლის Moto G5 და G5 Plus-ში კომპანიამ დიზაინზე გაამახვილა ყურადღება, შემოგვთავაზა მეტალის ანაწყობი, კარგი წარმადობა და ფასთან შედარებით მშვენიერი კამერა, რის ხარჯზეც სმარტფონები გასული წლის საუკეთესო ბიუჯეტურ სმარტფონებად იქნა აღიარებული, წელს კი კომპანიას როგორც ჩანს კიდევ უფრო მეტის მიღწევა სურს.

Motorola-მ დღეს ბრაზილიაში თავისი G სერიის ახალი წარმომადგენლები დააანონსა: Moto G6 Plus, Moto G6 და Moto G6 Play.

სამივე სმარტფონს აერთიანებს განახლებული დიზაინი, რომელიც ახლა ალუმინის ჩარჩოსა და Corning Gorilla Glass შუშის უკანა მხარეს გულისხმობს, რაც კომპანიის თქმით ძალიან პრმიალურია და დაბალ ფასში უკომპრომისო ფლაგმანური სმარტფონის შთაბეჭდილებას დაგვიტოვებს.

ამას დამატებული სამივე მოდელში 18:9 ტრენდული თანაფარდობის შემცირებულ ჩარჩოებიანი ეკრანი, რასაც Motorola ეძახის “Max View Display-ს”

ახალ დიზაინთან და ანაწყობთან ერთად Moto G6 და G6 Plus ამიერიდან ასევე Type-C შესაერთებელს იყენებს ნაცვლად Micro-USB-ისა, როგორც ეს წინა წელს იყო, არიქა! თუმცა Moto G6 Play კვლავ Micro-USB-ს იყენებს, რაც გასაგებია მისი ფასიდან გამომდინარე.

კომპანიამ Moto G6 სერიის კამერებს დიდი ყურადღება მიაქცია. Moto G6 და G6 Plus-ის პროცესორებში ჩაშენებული AI Engine-ის მეშვეობით სმარტფონი ფოტოს დამუშავების ალგორითმებს ბევრად უფრო ეფექტურად იყენებს, ამავე ძრავის ხარჯზე შესაძლებელი გახდა კამერაში ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი სისტემის ჩაშენებას, რომლის მეშვეობით კამერა ადგილმდებარეობას ან ობიექტებს იცნობს. ასევე მოხერხდა ფლაგმანური Motorola-ს მოწყობილობებიდან Moto Voice ფუნქციის ჩაშენებაც, რის შედეგად ტელეფონი ჩაქრობილ მდგომარეობაშიც გისმენთ და მზადაა თქვენგან ხმოვანი ბრძანება მიიღოს Google Assistant-ის დახმარებით.

ცალკე აღსანიშნავია “Motorola-ს ბეტა გამოცდილებები”. კომპანია დაგვპირდა, რომ მუდმივად დაამატებს ახალ ფუნქციებსა და გააგრძელებს სისტემის გაუმჯობესებას, ყოველი ახალი ფუნქციის დანამატს კი მომხმარებელი შეაფასებს და კომპანიას ამით სურს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება მომხმარებელთან ერთად და მასთან პირდაპირი კონტაქტით. იმ შემთხვევაში, თუკი ახალი ფუნქცია ბევრ უარყოფით გამოხმაურებას გამოიწვევს, კომპანია მას ამოიღებს.

ტექნიკურ მონაცემებზე რამოდენიმე სიტყვით:

Moto G6 Plus

დაანონსებული სამი სმარტფონიდან Moto G6 Plus ყველაზე დიდი და ძლიერი წაემომადგენელია. წინა მხარეს 18:9 ფარდობის 5.9 ინჩიანი LCD ეკრანი აქვს FHD+ რეზოლუციით და 409 პიქსელთა სიმჭიდროვით. მუშაობს Qualcomm-ის Snapdragon 630 პროცესორზე, რაზეც გასული წლის Moto X მუშაობდა, გააჩნია 4 ან 6GB ოპერატიული და 64 ან 128GB შიდა მეხსიერება, რომლის გაზრდა შესაძლებელია MicroSD ბარათის სლოტის საშუალებით. ბატარეა 3,200 მილიამპერიანია და არის TurboPower სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერაც, რაზეც კომპანია იუწყება 15 წუთიან დამუხტვაში 6 საათიან გამოყენებას.

პირველად G ხაზში (სპეციალური გამოშვების G5s Plus-ს თუ არ ჩავთვლით) აქ გვხვდება ორმაგი კამერა. მთავარი სენსორი 12 მეგაპიქსელიანია F/1.7 დიაფრაგმით, მეორე კი დამხმარე 5 მეგაპიქსელიანი სენსორია, რომელიც გვაძლევს საშუალებას გადავიღოთ პორტრეტული ფოტო ან დაბურულ ფოტოებს ფონი სულაც შევუცვალოთ. აქვე ლაზერული და ფაზური ავტოფოკუსიც არის. წინა კამერა 8 მეგაპიქსელიანია F/2.0 დიაფრაგმით და წინა LED განათებით.

Moto G6

უფროსი ძმისგან განსხვავებით Moto G6-ის ეკრანი უფრო მცირეა და 5,7 ინჩს შეადგენს, თუმცა 18:9 თანაფარდობა და FHD+ რეზოლუცია აქ ისევ გვხვდება. სმარტფონი მუშაობს Qualcomm-ის ახალ Snapdragon 450 პროცესორზე, რაც არქიტექტურით და ყველანაირი მახასიათებლებით იდენტურია გასული წლის 625-ის. მხარს უჭერს 3 ან 4GB ოპერატიული და 32 ან 64GB შიდა მეხსიერება, რომლის გაზრდა ასევეა შესაძლებელი MicroSD ბარათის მხარდაჭერით. ბატარეა 3,000 მილიამპერიანია და არის TurboPower მხარდაჭერა.

კამერა ისევე როგორც G6 Plus-ში ორმაგია, მთავარი სენსორი 12 მეგაპიქსელიანია, თუმცა დიაფრაგმა უფრო მცირეა და F/1.8-ს შეადგენს. მეორე კამერა აქაც 5 მეგაპიქსელიანია და იმავე გადაღების ფუნქციონალს გვთავაზობს, როგორიცაა პორტრეტული რეჟიმი და ფონების ცვლა. წინა კამერაც იგივეა და 8 მეგაპიქსელს შეადგენს, აქაც არის წინა LED განათება.

Moto G6 Play

სერიის ყველაზე მცირე და ხელმისაწვდომი წარმომადგენელი G6 Play გახლავთ. უფროსი ძმების მსგავსად მას ასევე გააჩნია 18:9 ფარდობის ეკრანი. ის 5.7 ინჩიანი ზომისაა, თუმცა რეზოლუცია ამჯერად HD+ არის ნაცვლად FHD+ ისა. სმარტფონი მუშაობს Snapdragon 430 ჩიპსეტზე, რომელსაც მხარს 3GB ოპერატიული და 32GB შიდა მეხსიერება უჭერს, ასევე შესაძლებელია MicroSD ბარათით მისი გაზრდა. ბატარეა აქ უფრო დიდი ზომის, 4,000 მილიამპერიანია და არის TurboPower მხარდაჭერაც, თუმცა ის არა Type-C-ის, არამედ ცოტათი ძველ Micro-USB შესაერთებელს იყენებს.

კამერა აქ ფასიდან გამომდინარე ცოტათი პრიმიტიული გვხვდება, არის ერთმაგი 13 მეგაპიქსელიანი სენსორი F/2.0 დიაფრაგმით და მხოლოდ ფაზური ავტოფოკუსი გააჩნია. წინა კამერა 8 მეგაპიქსელიანია და აქაც გვხვდება წინა LED განათება. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ G6 და G6 Plus-ისგან განსხვავებით თითის ანაბეჭდის სენსორი აქვს განთავსებული უკანა მხარეს და ჩაშენებულია ლოგოში, ნაცვლად წინა მხარისა.

ფასები და ხელმისაწვდომობა

Moto G ხაზი კვლავ ინარჩუნებს თავის ხელმისაწვდომ ფასებს, რათა უფრო მეტ ადამიანს შესთავაზოს საუკეთესო ხარისხი ფასთან შედარებით. სამივე სმარტფონი მაისის დასაწყისში გამოვა გაყიდვაში, ფასების მხრივ კი Moto G6 Play დაიწყება $199-დან, Moto G6 $249-დან, ხოლო Moto G6 Plus $299-დან.

 

 


გააზიარე

დაბრუნება Posts