Google-მა Android 8.1 წარადგინა: რა არის ახალი?

დაბრუნება Posts

Google-მა Android 8.1 წარადგინა: რა არის ახალი?


არც თუ ისე დიდი ხნის წინ Google-მა Android 8.0 Oreo გამოუშვა ძალიან ბევრი სიახლითა და გაუმჯობესებებით, როგორიცაა: სურათი-სურათში რეჟიმი, განახლებული შეტყობინებების პანელისა და პარამეტრების დიზაინი, პაროლების ავტომატური შემვსები და ა.შ, თუმცა კომპანია რა საკვირველია ამით არ ჩერდება და დღეს მომხმარებლებს Android 8.1 შესთავაზა, რომელიც კიდევ უფრო აუმჯობესებს 8.0-ის სიახლეებს და დამატებით ახალ ფუნქციონალსაც გვთავაზობს.

სიახლეებიდან აღსანიშნავია შეტყობინებების პანელის ახალი ფერი: 8.0-ში ის სრულიად გათეთრდა, თუმცა 8.1-ში მას გამჭირვალობის ეფექტი დაემატა. მისი ფერი ასევე დამომიდებულია იმაზე, თუ რა ფონური სურათი გიყენიათ.

განახლებულ პარამეტრების აპლიკაციას ახალი ძებნის ველი შეემატა და თითოეული პარამეტრი უფრო კარგადაა დასორტირებული, რაც სასურველი ფუნქციების ჩართვა/გამორთვას გააადვილებს.

 

შეიცვალა ნავიგაციის ღილაკების პანელი, ის ზომაში შემცირდა, ღილაკებს კი შეემატათ ერთი ძალიან სასარგებლო ფუნქცია: თუკი 5 წამის განმავლობაში მათ არ იყენებთ (ღილაკებს არ აჭერთ), ისინი სიკაშკაშეს იკლებენ, რამაც უნდა შეამციროს OLED ეკრანიან მოწყობილობებზე ღილაკების დამწვრობა.

განახლდა გამორთვის პანელი. ის ახლა თითქოს გამორთვა/ჩართვის ღილაკიდან გამოდის, რაც უდავოდ ძალიან კომფორტული და ლამაზია.

სისტემას დაემატა Bluetooth მოწყობილობების ბატარეის სტატისტიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ შეტყობინებების პანელიდან შეგვიძლია გავიგოთ თუ რამდენი პროცენტია დარჩენილი ჩვენს უსადენო მოწყობილობაზე, როგორიცაა ყურსასმენი, გარე დინამიკი და ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიან სისტემას შეემატა ბნელი რეჟიმი, რომელიც ამავდროულად ჭკვიანიცაა. თუკი ვთქვათ ბნელ სურათს დააყენებთ ფონად, აპლიკაციების ჩამონათვალი, შეტყობინებების პანელი, გამორთვის მენიუ თუ ფოლდერები შავ ფერს იღებენ, რაც კიდევ ერთხელ ძალიან კარგია OLED ეკრანიანი სმარტფონებისთვის ენერგიის დაზოგვის მიზნით, თუმცა ამის გარეშეც, ინტერფეისი ამით ლამაზდება, ალბათ დამეთანხმებით.

Pixel 2-დან პირველი თაობის Pixel-ს Always-On ეკრანი ერგო, რომელის ხარჯზე ეკრანზე მუდმივად იქნება გამოსახული დრო და შემოსული შეტყობინებები. ბატარეაზე ეს რა თქმა უნდა არ იმოქმედებს.

მცირედი დეტალებიდან აღსანიშნავია, რომ შეიცვალა Android Oreo-ს ლოგო. თუკი ადრე Android-ის ვერსიაზე ბევრჯერ დაჭერისას ვეგებებოდით მრგვალ ნარინჯისფერ ხატულას, რომელსაც არანაირი კავშირი ჰქონდა Oreo-სთან, ახლა, როგორც იქნა ეს ნამდვილად Oreo-ა!

ფონური განახლებებიდან აღსანიშნავია ნეირული API-ს დამატება, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემა ახლა უკეთესად ინტეგრირდება ხელოვნური ინტელექტის პროცესორებთან. Pixel 2-ისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია მალე გაააქტიურებს Pixel Visual Core სასურათე პროცესორს, რომელიც გააათმაგებს HDR+ ის სისწრაფეს და დეველოპერებს მისცემს საშუალებას თავიანთ აპლიკაციებშიც გამოიყენონ ალგორითმი. პირველი თაობის Pixel-ებისთვის კი ეს უფრო სწრაფ გამოთვლით ალგორითმებს ნიშნავს.

Android 8.1 ხელმისაწვდომია ბეტა ტესტირებისთვის Pixel და Nexus მოწყობილობებზე, სრული რელიზი კი დეკებრის დასაწყისზეა დაგეგმილი.

უკვე დღეიდან შეიძლება ბეტა ტესტირებაში ჩართვა შემდეგ მოწყობილობებზე:

• Pixel 2 და Pixel 2 XL

• Pixel და Pixel XL

• Pixel C

• Nexus 6P

• Nexus 5X

 


გააზიარე

დაბრუნება Posts