Asus Zenfone 4 Max გამოვიდა 5,000 მილიამპერიანი ბატარეითა და ორმაგი კამერით

დაბრუნება Posts

Asus Zenfone 4 Max გამოვიდა 5,000 მილიამპერიანი ბატარეითა და ორმაგი კამერით


Asus-ის ფანებს გეცოდინებათ, რომ კომპანიის ახალი სმარტფონი წესით და რიგით თვის ბოლოს უნდა გამოსულიყო. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენს ის ბევრად უფრო ადრე ვიხილეთ. Zenfone 4 Max, თავისი წინამორბედის, Zenfone 3 Max-ის მსგავსად, უზარმაზარი მოცულობის, 5,000 მილიამპერიან ბატარეას ინარჩუნებს. სხვა მხრივ კი სმარტფონი საშუალო დონისაა და მას ფლაგმანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ისედაც საკმაოდ კარგი ბატარეის მუშაობის რეჟიმის დასახვეწად, Asus-მა სისტემაში PowerMaster ენერგიის დაზოგვის რეჟიმი ჩააშენა.

ტელეფონი ორ ვარიანტში გაიყიდება – ერთს რვა ბირთვიანი Snapdragon 430, მეორეს კი ოთხ ბირთვიანი Snapdragon 425 პროცესორი აქვს. ოპერატიული მეხსიერება 4 GB-მდეა, თუმცა ზუსტი მოცულობები უცნობი მიზეზის გამო ჯერ ოფიციალურ საიტზეც კი არ წერია. შიდა მეხსიერება 16, 32 და 64 GB-ს შეადგენს. როგორც ჩანს, Asus-ი არ მიჰყვება სხვა მწარმოებლების გზას, რომლებმაც 16 ან ზოგ შემთხვევაში 32 GB შიდა მეხსიერებით ტელეფონების გაყიდვა მთლიანად შეწყვიტეს. კარგია თუ არა ეს გადაწყვეტილება, თქვენ თვითონ შეაფასეთ. ტელეფონს ასევე აქვს უიშვიათესი არა-ჰიბრიდული micro SD ბარათისა და ორი SIM ბარათის სლოტი.

სამწუხარო მოსასმენია, რომ დამტენი, რომელიც ტელეფონს მოყვება, საკმაოდ სუსტია და მხოლოდ 10 ვატი დენის მიწოდება შეუძლია, რის გამოც სმარტფონის ბოლომდე დამუხტვას 4 საათი სჭირდება. თუმცა, კომპანია იუწყება, რომ 15 წუთიანი დამუხტვის შემდეგ ტელეფონი 3 საათით სალაპარაკოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ.

აღსანიშნავია, რომ ტელეფონს უკან 13 მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერა აქვს, რომელიც 120 გრადუსზე იღებს სურათს. წინა 8 მეგაპიქსელიანი კამერას კი 140 გრადუსამდე განიერი პანორამული სელფების გადაღების საშუალებას იძლევა. დამეთანხმებით, ყველა ეს ფუნქცია საკმაოდ იშვიათია საშუალო დონის სმარტფონებში.

ტელეფონს 5.5 ინჩიანი IPS LCD ტექნოლოგიის Full HD გაფართოების ეკრანი ამშვენებს, რომლის წყალობითაც, როგორც Asus-ის ოფიციალური საიტი იუწყება, 22 საათის განმავლობაში შეგეძლებათ ვიდეოების ყურება, რაც, რაღა თქმა უნდა, მასიური ბატარეის დამსახურებაცაა.

ტელეფონის გაყიდვები რუსეთში დაიწყება და მისი საწყისი ფასი 13,900 რუბლი, ანუ დაახლოებით $235 იქნება. სხვა ქვეყნებში გაყიდვის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც ვიცით, Asus-ი Zenfone 4 ხაზში კიდევ ხუთი სმარტფონის გამოშვებას აპირებს.


გააზიარე

დაბრუნება Posts