Huawei-ს უახლესი MateBook სერიის მძლავრი ლეპტოპები

დაბრუნება Posts

Huawei-ს უახლესი MateBook სერიის მძლავრი ლეპტოპები


Huawei-ს მიზანი იყო სრულფასოვანი ლეპტოპის შექმნა. პირველ MateBook-ს, რომელიც Windows 10-ზე მუშაობდა, ნამდვილად აკლდა ის ძირითადი მახასიათებლები, რაც ჩვეულებრივ ლეპტოპს გააჩნდა. ამიტომ, კომპანია დაბრუნდა ამ სეგმენტში და MateBook-ის სამი ახალი ლეპტოპი წარმოგვიდგინა.

პირველ რიგში, დავიწყოთ MateBook X-ით. ეს არის Windows 10-ზე მომუშავე, ულტრაპორტატული 13 ინჩიანი ლეპტოპი, რომელსაც ტრადიციული ალუმინის დასაკეცი დიზაინი აქვს. ანუ ორი ერთში, ჰიბრიდული კონფიგურაციის მაგივრად ვღებულობთ სრულფასოვანი ლეპტოპის იერსახეს. MateBook X-ი ნაკლებად მძლავრ, Core M სერიის პროცესორების ნაცვლად, აღჭურვილია Intel-ის Core i5-ითა და i7-ით. რაც შეეხება მის ბატარიას, ერთი დატენვით შესაძლებელია 1080p FHD ვიდეოს ყურება 10 საათის განმავლობაში.

MateBook X-ს 3:2-ზე ფორმატის მქონე, უსენსორო 2K რეზოლუციის ეკრანი ამშვენებს, რომელიც სულ რაღაც 4.4 მილიმეტრიან ჩარჩოებშია ჩასმული. შიდა მეხსიერება ორ ვარიანტადაა წარმოდგენილი, 256 გიგაბაიტად და 512 გიგაბაიტად. ასევე ჩართვის ღილაკში ჩაშენებულია თითის ბიომეტრიული სკანერი, რომელიც თავსებადია Windows Hello-სთან. ცოტა გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ RAM მეხსიერებად გვევლინება მხოლოდ და მხოლოდ 4 და 8 გიგაბაიტი. მაგრამ ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის 8 გიგაბაიტი RAM-ი სრულიად საკმარისია.

MateBook X-ს აქვს USB-C შესაერთებელი და სხვა პორტები, როგორიცაა დამტენის და ა.შ. Huawei ზოგიერთ რეგიონში ლეპტოპს ყუთიდან აყოლებს MateDock 2.0 USB-C-ის, რომელსაც ჩვეულებრივი USB Type-A პორტი, DVI, HDMI და მეორე USB-C პორტი აქვს. MateBook X-ი არის თხელი, მსუბუქი, სწრაფი და მიმზიდველი ლეპტოპი, რაც მთავარია აღჭურვილია Dolby Atmos Sound System-ით. აღნიშნული მოდელი კონკურენციას გაუწევს Apple-ის MacBook Air-ის ხაზს. Huawei-ს ფასების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

შემდეგი ლეპტოპია MateBook E, რომელიც ფაქტობრივად, ორიგინალი MateBook-ის განახლებული ვარიანტია. აღნიშნული მოწყობილობა იმეორებს წინამორბედის დიზაინს, თუმცა ცვლილება შეეხო ეკრანს. ახლა, განახლებულ MateBook-ს 2K ეკრანი აქვს. შედარებისთვის პირველ მოდელში 1080p FHD გაფართოების მქონე ეკრანს ვხვდებოდით. რაც ყველაზე მთავარია, Huawei ირწმუნება, რომ MateBook E-ს შეუძლია 9 საათიანი მუშაობა, რაც მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ნიშნავს ორიგინალთან შედარებით.

და ბოლოს, კომპანიის მესამე ახალი ლეპტოპი, MateBook D. მას აქვს 15 ინჩიანი 1080p FHD  ეკრანი; ხელმისაწვდომია Intel-ის i5-სა და i7-ის პროცესორებით; ასევე ცნობილია RAM მეხსიერების სამნაირი კონფიგურაცია: 4GB, 8GB და 16GB. შიდა მეხსიერება 1 ტერაბაიტიანია. ზოგი მოდელი აღჭურვილია Nvidia GeForce 940 MX ვიდეო დაფით, რომელიც თამაშებისთვის სრულიად ნორმალურია. MateBook D-ის სრულიად მეტალის კორპუსი აქვს, თხელია და ამასთანავე იგივე Dolby Atmos Sound System-ითაა აღჭურვილი, როგორც MateBook X.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts