ყველაფერი, რაც მომეწონა Galaxy S8-ში

დაბრუნება Posts

ყველაფერი, რაც მომეწონა Galaxy S8-ში


ჩვენი ბლოგისთვის სპეციალურად, Samsung Georgia-მ რამოდენიმე დღით გვათხოვა თავისი უახლესი, ანდროიდ სამყაროსთვის ყველაზე პოპულარული სმარტფონი, რომელზეც ახლა მთელი ტექნოლოგიური სამყარო ლაპარაკობს – Galaxy S8 და S8+. დიდი ზომის S8+ ჩემმა კოლეგა – ნოდარმა აიღო, ჩვეულებრივი S8 კი – მე. მოწყობილობამ ჩემთან ერთად სულ ჯამში 5 დღე გაატარა, რა დროის განმავლობაშიც მაქსიმალურად ვტესტავდი მის შესაძლებლობებს და ახლა უკვე მზად ვარ გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები Samsung-ის და ზოგადად Android სამყაროს მეგა-ფლაგმანის შესახებ. ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებ ყველა პლიუსზე, თუ რა მომეწონა ახალ სმარტფონში. სამომავლოდ ასევე დავწერ S8-ის მინუსებზე, თუ რა არ მომეწონა, ასევე მალე გამოვუშვებ მის ვიდეო განხილვასაც!

ანაწყობი

დავაც არაა საჭირო, რომ Samsung-ს დღესდღეობით ყველაზე კარგი ანაწყობის ხარისხი აქვს. გამონაკლისია რა თქმა უნდა Galaxy Note7, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს ინჟინრული შეცდომა იყო და ასეთი ინციდენტები კომპანიის სმარტფონებში მეტჯერ აღარ გამეორდება. თავდაპირველად კი ვჭოჭმანობდი სმარტფონის დასატენად ღამით დატოვებაზე, თუმცა გავრისკე და როგორც ხედავთ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, ამრიგად საგანგაშო და სანერვიულო ნამდვილად არაა.

ანაწყობს რაც შეეხება, სმარტფონი ორმაგი Gorilla Glass 5-ის სენდვიჩია, გვერდებზე კი შემოაკრავს გაპრიალებული ალუმინი. ჩემ შემთხვევაში, უკანა პანელი და გვერდები იყო პრიალა შავი ფერის, რადგან სმარტფონის შავი ვერსია მქონდა, რომელსაც Samsung-ი “შავ შუაღამეს” ეძახის. ფერი ძალიან კარგი და მინიმალურია, მას აღარ აკრავს ფერების გადასვლები სხვადასხვა შუქზე და “ბრჭყვიალები”, რომლებიც წინამორბედ Galaxy S სმარტფონებში შეინიშნებოდა. შავი იდეალურად შავია და საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება. მისი შედარება შეიძლება iPhone 7-ის “Jet Black” ფერთა პალიტრასთან, თუმცა იგივე Jet Black-თან შედარებით აქ შეპრიალებული შავი გვერდები არ იკაწრება ისე, როგორც iPhone-ი იკაწრება ჰაერში, არაფერზე.

თავდაპირველად მეგონა, რომ შუშისა და პრიალა კანტების კომბინაცია საშინლად “სრიალა” იქნებოდა ხელში, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, S8 ძალიან კომფორტულად მეჭირა ხელში, არც მისრიალებდა და ხელიც კი არ მიოფლიანდებოდა, არადა, ზოგადად, სხვა მეტალის სმარტფონებზე, განსაკუთრებით კი ჩემივე Pixel-ზე case-ების და skin-ების გამოყენება მიწევს, რადგან სმარტფონს ფაქტობრივად ვერ ვიკავებ.

ცალკე ყურადღება მინდა გავამახვილო სმარტფონის ზომებზე, რომლებიც ძალიან კომფორტულია. დიდ სმარტფონებს ვერ ვიჭერ და ვერ ვეგუები, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Galaxy S8 ყველაზე კომფორტული სმარტფონია რაც ოდესმე მჭერია, ეს კი დამსახურებულია უახლესი “უსაზღვრო ეკრანით”, რომელზეც დაბლა ვისაუბრებ.

• უსაზღვრო ეკრანი (Infinity Display)

მაშასადამე, ყველამ უკვე კარგად იცით, რომ 2017 წლის ტრენდი არის გაწელილი ეკრანები, რომელთა წყალობით კომპანიებმა შეძლეს სმარტფონის კანტების კარდინალური შევიწროება და ფაქტობრივად მათი მოშორებაც კი. დავივიწყოთ Samsung-ის მარკეტინგი, რომელიც გვეუბნება, რომ უნდა “აღმოვაჩინოთ სმარტფონი და მოვცილდეთ ყველანაირ ბარიერებს”, გადმოვხედოთ ყველაფერს რეალურად, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მარკეტინგი 100%-ით შეესაბამება სინამდვილეს. როგორც იცით, აქ გამოყენებულია 18.5:9-ზე ასპეკტური ფარდობის ეკრანი ნაცვლად ტრადიციული 16:9-ისა, რომელიც კუთხეებში მომრგვალებული და გვერდებზე გადაზნექილია. პირადად ძალიან მომეწონა გრძელი ეკრანი, რადგან ჩანს გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია. ასევე, რადგანაც ეკრანი სიგრძეშია გაზრდილი და არა სიგანეში, ამის წყალობით სმარტფონის გაბარიტები თითქმის სხვა სმარტფონებთანაა თანაბარი, ამავდროულად კი უფრო დიდი – 5.8 ინჩიანი ზომა გააჩნია. S8-ს ეკრანიდან ჩემ სმარტფონზე ძალიან გამიჭირდა დაბრუნება. ნოსტალგიამ შემიპყრო და გრძნობით ეს ძალიან გავდა იმას, როდესაც გაწელილი iPhone 5-ის (16:9) მერე ხელში მის წინამორბედ iPhone 4-ს იჭერდით ხელში, რომელსაც 4:3-ზე ასპეკტური ფარდობა ჰქონდა.

instagram.com/nickbakradze

ფერებს რაც შეეხება, როგორც ყოველთვის ისინი შესანიშნავი და კაშკაშაა. თუკი რაიმე არ მოგწონთ, შეგიძლიათ დაარეგულიროთ 4 ფერთა რეჟიმით. ასევე სიახლე ამ წელს არის თეთრი ფონის დარეგულირება, თუკი უფრო ცივი ან თბილი თეთრი ფერი გიზიდავთ.

ცალკე მინდა ვილაპარაკო ეკრანის სიკაშკაშეზე, რომელიც, კომპანიის თქმით 1000nit-ს აღწევს (დაახლოებით 1000 კანდელის სინათლე). მართალია შუქის საზომებით ეკრანი არ გამიტესტავს, თუმცა ის ვიცი, რომ გარეთ, მზის პირდაპირი ნათებისას ეკრანზე ყველაფერი ისევ გასაგები და კითხვადი იყო, თანაც სმარტფონი განათებას კიდევ უფრო მაღლა წევდა ავტომატურად, როდესაც ამჩნევდა, რომ ძალიან ნათელ პირობებში ვარ მიუხედავად იმისა, რომ auto-brightness გამორთული მქონდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეკრანის ნათების დარეგულირებისას ბოლო ნაწილი ახლა წითელია და თუკი ამ ნიშნულას გადავაჭარბებთ, სმარტფონი დაგვიწერს რომ 100%-იანი განათებისას შესაძლებელია მოხდეს გახურება და ბატარეის სწრაფი დაცლა.

• ნახვამდის ძირძველო ღილაკო, რომელიც 1900-იანი წლებიდან მოგვყვება!

Droid-Life-ის ფოტო

არა, სერიოზულად. გარეთ 2017 წელია, Samsung-ი კი ამ დროის განმავლობაში, მთელი 7 თაობის მანძილზე იყენებდა ფიზიკურ, წკაპუნა და გამაღიზიანებელ ღილაკს. მაშინ, როდესაც თითქმის ყველა Android მწარმოებელი გადავიდა ვირტუალურ, ეკრანზე დატანებულ ღილაკებზე და უარი თქვა ფიზიკურზე, Samsung-ი ისევ აგრძელებდა უინოვაციო ხილის მსგავსად ღილაკის წკაპუნით, თუმცა ეს როგორც იქნა შეიცვალა სმარტფონის მერვე თაობაში, რომელსაც როგორც იქნა, აღარ აქვს წინა ღილაკი! ახლა ღილაკები ეკრანზე, ნავიგაციის არეშია დატანებული, ღილაკი კი ეკრან-ქვეშ გადაინაცვლა, მადლობა ეკრანში ჩაშენებულ წნევის სენსორს, რომელიც აკონტროლებს თუ რამდენად ღრმად აჭერთ ღილაკს. აღნიშნული სენსორი მხოლოდ ღილაკშია ჩაშენებული, თუმცა ეს სავსებით საკმარისია. ღრმად დაჭერას ასევე ახლავს პატარა ვიბრაციული რეაქციაც, რომელიც ძალიან გვაგონებს ღილაკის დაჭერას, თითქოს ეკრანზე დაჭერისას თვით ღილაკს ვაჭერთ.

• ბატარეა

მიუხედავად იმისა, რომ S7 edge-თან შედარებით ბატარეა შემცირდა, იყო 3600 მილიამპერი და გახდა 3000, S8 მაინც მშვენივრად უმკლავდება ბატარეის სიცოცხლისუნარიანობას და საკმაოდ კარგად ზრუნავს იმაზე, რომ დღეში 3-4-ჯერ არ ისხდეთ დამტენებთან ან არ ეძებოთ კედელი, რომელშიც 1 დენცქვიტა მაინც იქნება თავისუფალი.

ჩემი ტესტირების შედეგად, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საშუალო დონის მომხმარებელს S8 აუცილებლად გაუძლებს ერთ სრულ დღეს, მეც კი გამიძლო, მე კი ძალიან ინტენსიური მომხმარებელი ვარ, ასევე ძალიან დამოკიდებული ტელეფონზე და დღეში საშუალოდ 8-10 საათი მჭირდება სმარტფონის ეკრანი იყოს ანთებული (Screen-On Time).

ყოველდღიურობაში ვიყენებ ისეთ სოციალური ქსელის აპლიკაციებს, როგორიცაა: Facebook, Twitter, Google+, Instagram, Snapchat, მესენჯერებიდან: Facebook messenger, whatsapp, telegram. ვუყურებ YouTube ვიდეოებს, არ ვთამაშობ თამაშებს, თუმცა ტესტირების გამო ვითამაშე ცოტა.

ასეთ დატვირთულ რეჟიმში S8 ყოველ დღე მაჩვენებდა სტატიკურ მაჩვენებელს, რომელიც ეკრანის აქტიურ დროს საშუალოდ 6 საათს შეადგენდა. იყო ერთი გამონაკლისი, როდესაც სმარტფონზე 8 საათი და 11 წუთი მაჩვენა. ამხელა დრო ჩვეულებრივი მოხმარებისას, 6 საათს მივაღწიე, ხოლო ბოლო 2 საათი Google Keep-ში ვწერდი ტექსტს.

სხვათაშორის, მინდა ისიც აღვნიშნო, რომ S8 ძალიან სწრაფად იტენება. 0-დან 100%-მდე ის საათსა და 10 წუთში დაიტენა. არის ასევე უსადენო დამუხტვის ფუნქციაც, რომელიც ძალიან მოსახერხებელია.

საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მომხმარებელს არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას ბატარეასთან. ის რა თქმა უნდა Galaxy Note7-ივით არ აფეთქდება, ამაზე შეგიძლიათ სრულად დარწმუნებული იყოთ, არც დამტენის მოძებნა მოგიწევთ დღის განმავლობაში.

• Samsung-ის პროგრამული უზრუნველყოფა

იყო დრო, როდესაც Samsung-ის სამომხმარებლო ინტერფეისი ძალიან მოუხერხებელი იყო და ჭედავდა, თუმცა ახლა ის შეცვლილია. რა თქმა უნდა, გემოვნება განსხვავდება, თუმცა ჩემი აზრით Android-ის სკინებიდან TouchWiz ყოველთვის ყველაზე ლამაზი იყო და არის სუფთა ანდროიდის შემდეგ. ყველაფერი იწყება დახვეწილი იკონოგრაფიითა და სწორად შერჩეული ფერთა პალიტრით, გრძელდება ლოგიკური, ლამაზი ანიმაციებითა და მთავრდება საბოლოოდ მოდერნისტული ინტერფეისით. ძალიან მომწონს Always-On ეკრანი, სადაც ჩანს დრო და შემოსული შეტყობინებები, ასევე ღილაკიც. ეს ყველაფერი შეჯერებულია სპეციალურად შექმნილი ფონური სურათებით, რომლებსაც Samsung-ი “Infinity Wallpapers-ს” ეძახის და ისინი ძირითადად თემატურადაა შერჩეული გალაქტიკაში მყოფი ვარსკვლავების საჩვენებლად. ჯერ კიდევ Always-On ეკრანზე ვეგებებით ლამაზ ვარსკვლავებს, რომელიც სიშავეში იდეალურად ილევა. ეკრანის ანთებისას ლამაზი ანიმაციებია, განბლოკვა ხომ საერთოდაც ულამაზესია. პირადად ძალიან მომწონს, თქვენც ძალიან მოგეწონებათ.


გააზიარე

დაბრუნება Posts