[MWC 2017] Moto-მ ახალი motomod-ები, moto G5 და G5 Plus წარადგინა

დაბრუნება Posts

[MWC 2017] Moto-მ ახალი motomod-ები, moto G5 და G5 Plus წარადგინა


Lenovo-მ წელს, მობილური სამყაროს კონგრესის (MWC) მთელი თავისი დრო და საპრეზენტაციო ადგილი Motorola-ს დაუთმო, შედეგად, Moto-მ საკმაოდ ბევრი სიახლე წარმოგვიდგინა და შეიძლება ითქვას მშვენივრად დაიწყო 2017 წელი. ჯერ კიდევ 1 კვირის წინ, გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე მოგიყევით კომპანიის განახლებულ G სერიაზე, თუმცა ახლა ის ახლა უკვე ოფიციალურად წარსდგა ჩვენ წინაშე. Moto-მ ასევე ახალი motomod-ები წარადგინა, მათ შორის ჯერ არ-გამოსული, კონცეპტუალური მოდებიც, რომლებიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება და Moto Z ოჯახის მოდულარობის ეკოსისტემას საგრძნობლად აფართოებს, ავითარებს და მრავალფეროვანს ხდის, მაშასადამე:

ახალი motomod-ები

• Amazon Alexa motomod – ამაზონთან მჭიდრო თანამშრომლობით, moto-მ თავისი z სერიისთვის წარადგინა Alexa motomod, რომლითაც შეგეძლებათ მართოთ ჭკვიანი სახლი, დააყენოთ სასურველი ტემპერატურა, გამორთოთ ან ჩართოთ შუქები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეს motomod-ი არა მხოლოდ moto z-სთან კონტაქტში იმუშავებს, არამედ მის გარეშეც.

• Moto PowerPack – მოდული, რომელიც moto z-ს 50%-მდე მეტ ბატარეას მისცემს მინიმალური სისქის ხარჯზე. მოდულს ასევე ექნება ფუნქცია, რომელიც სმარტფონს მხოლოდ დაჯდომისას დამუხტავს, ან პირიქით, ენერგია ჯერ მოდიდან დაიხარჯება და შემდგომ სმარტფონიდან. მოდის ღირებულება სულ რაღაც $49 იქნება.

• Wireless Charging Motomod – როგორც უკვე სახელიდანაა გამომდინარე, მოდული moto z სერიის სმარტფონს დაუმატებს უსადენო დამუხტვის ფუნქციას და შემატებს უკანა ხუფის სტილს.

• Turbo Power Motomod – მოდული, რომელიც ძალიან სწრაფად დამუხტავს თქვენს moto z-ს და დამატებით ბატარეას მოგცემთ.

• Gamepad Motomod – მოდი, რომელიც moto z-ს გვერდებიდან დაუმატებს სათამაშო კონსოლის ჯოისტიკებს, რათა თამაში უფრო კომფორტული გახდეს და მომხმარებელმა რეალურად შეიგრძნოს ნამდვილი გეიმინგი.

• Charging Adaptor – დამატებითი აქსესუარი motomod-ებისთვის, რომელიც სათითაოდ დამუხტავს მოდებს.

Moto-მ ასევე წარმოგვიდგინა motomos-ები, რომლებიც ჯერ კონცეპტუალურ დონეზეა, ესენია:

• VR Motomod – ვირტუალური რეალობის ერთგვარი “სათვალე” motomod-ი Daydream პლატფორმაზე

• QuadSim Motomod – მოდული, რომელშიც შესაძლებელია 4 დამატებითი სიმ-ბარათის ჩადება და დარეკვა სხვადასხვა ნომრებიდან. თუ იმასაც ჩავთვლით, რომ moto z 2 სიმ-ბარათიანი სმარტფონია და ამ მოდულს დავუმატებთ, სულ ჯამში 6 სიმ-ბარათის მხარდაჭერა გამოგვივა

• Lego MindStorms Motomod – გაძლევთ საშუალებას დაუკავშიროთ თქვენი moto z Lego-ს ძალზედ პოპულარული დასაპროგრამებელი სათამაშო-რობოტისთვის. ეს კონცეპტი ძირითადად სასწავლებლებში იქნება გამოყენებული.

• Tablet Motomod – ტაბლეტი, რომლის გული moto z იქნება, საჭირო იქნება მხოლოდ და მხოლოდ სმარტფონის მოთავსება ტაბლეტის ფორმაში.

• Printer Motomod – რეტრო სტილის მოდული, რომელიც თქვენს ნებისმიერ სურათს დაბეჭდავს

Moto G5 და G5 Plus

Moto თავის ძალიან პოპულარულ G სერიაში ყოველთვის ცდილობს მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზოს, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება ფლაგმანურ დონეს და თავის ფასში საუკეთესო არჩევანს აძლევს. ეს ტრადიცია საუკეთესოდაა ასახული კომპანიის ახალ 2017 წლის Moto G ხაზზე, რადგან პირველად ამ სერიაში Moto ალუმინისგან დამზადებულ ხარისხიან ანაწყობს და ფლაგმანურ კამერას გვთავაზობს.

Moto G5 Plus-ს გააჩნია 5.2 ინჩიანი Full HD გარჩევადობის ეკრანი და სრულად მეტალის კორპუსი, Snapdragon 625 პროცესორი, რომელიც 2016 წელს დებიუტირდა Moto Z Play-ზე და დაამტკიცა, რომ ფლაგმანურ დონეზე სწრაფი პროცესორია, გარდა ამისა ყველაზე ენერგო-ეფექტურიც. კამერა 13 მეგაპიქსელიანია, გააჩნია f/1.7 დიაფრაგმა და 1.4 პიქსელის ზომა, რაც საშუალებას გვაძლევს უპრობლემოდ გადავიღოთ ფოტოები სიბნელეშიც. ამჯერად კომპანია იყენებს ახალ ტექნოლოგიას, ორმაგ ფოკუსურ სისტემას, რომელიც კამერის სენსორზე აერთიანებს 2 ლაზერულ ავტოფოკუსს (დიახ არ მოგესმათ, ეს პირველი სმარტფონია ორი ლაზერით) აღსანიშნავია ის, რომ ეს ზუსტად იგივე კამერის სენსორია, რომელიც Samsung-ის ფლაგმანურ Galaxy S7-ში აყენია. Moto G5 Plus-ს გააჩნია 3000 მილიამპერიანი ბატარეა და შეუძლია საკმაოდ სწრაფი დამუხტვა TurboCharge-ის წყალობით. Moto-სმარტფონებისთვის უკვე ჩვეულად, აქაც გვხვდება უნაკლო, ლამაზი სუფთა ანდროიდი Moto-ს ფუნქციებით. წელს, ახალი ფუნქცია კი გაძლევთ საშუალებას დამალოთ ნავიგაციის ღილაკები (თუკი არ მოგწონთ) და ჩაანაცვლოთ უკანა გასვლის, სახლში დაბრუნების და აპლიკაციების გახსნის ღილაკები მხოლოდ ერთი, თითის ანაბეჭდის სენზორით.

ფლაგმანური G5 Plus-ისგან განსხვავებით, G5 უფრო მცირე ზომისაა. მას გააჩნია 5 ინჩიანი Full HD ეკრანი, Snapdragon 430 პროცესორი, 13 მეგაპიქსელიანი f/2.0 კამერა და 2800 მილიამპერიანი ბატარეა სწრაფი დამუხტვით. სმარტფონს ასევე შეუძლია ბატარეის შეცვლა, რადგან უკანა ხუფი მოხსნადია. წინა თაობის Moto G4 ოჯახს თუ გავიხსენებთ, მხოლოდ G4 Plus მოდელში გვხვდებოდა თითის ანაბეჭდის სენსორი, თუმცა ამჯერად, ის ორივე G5 და G5 Plus-შიც არის წარმოდგენილი.

Moto G5 და G5 Plus ხელმისაწვდომი ორ ფერში იქნება: შავი და ოქროსფერი. ფასს რაც შეეხება, Moto G5 189$ ეღირება, G5 Plus კი 229$, რაც საკმაოდ დაბალი ფასია ასეთი შთამბეჭდავი სმარტფონისთვის, დამეთანხმებით ალბათ.


გააზიარე

დაბრუნება Posts