Moto G5 და G5 Plus – ალუმინის დიზაინი პირველად G სერიაში!
Moto-მ თავისი ახალი ბიუჯეტური სმარტფონის კლასი ჯერ კიდევ 2013 წლის 13 ნოემბერს წამოიწყო, გამოუშვა პირველი თაობის Moto G. ეს იყო სმარტფონი, რომელიც ხარისხით და შესაძლებლობებით არანაირად ჩამოუვარდებოდა სხვა სმარტფონებს, ამაში $600-700-ს არ ითხოვდა, არამედ სულ რაღაც $179-ს! მისი გამოშვება სმარტფონთა ბაზრის ისტორიაში ძალიან დიდი მოვლენა იყო, რადგან ამ სმარტფონმა დაამტკიცა და დაანგრია ის არსებული სტერეოტიპი, რომ ბიუჯეტური სმარტფონი ყოველთვის “უხარისხო უნდა იყოს”. ზუსტად Moto G-ის დამსახურებაა, რომ დღეს-დღეობით დაბალ ფასად შეგვიძლია შესანიშნავი სმარტფონი შევიძინოთ და იგივე გამოცდილება მივიღოთ, რასაც ფლაგმანური სმარტფონები მოგვცემენ.
2016 წელს კომპანიამ G სერია ორად დაჰყო და გამოუშვა G4 და G4 Plus, სადაც განსხვავება Plus ვარიანტში თითის ანაბეჭდის სენსორის არსებობა და გაცილებით უკეთესი კამერა იყო, რომელმაც DxOMark-ზე 84 ქულა აიღო და Nexus 6P-ს კამერას გაუთანაბრდა.
2017 წლისთვის Moto-მ წარადგინა Moto G5 და G5 Plus. უფრო სწორედაც წარადგენს, რადგან Moto-ს ამ სმარტფონების პრეზენტაცია 26 თებერვალს აქვს დაგეგმილი, MWC ტექ-გამოფენაზე, ბარსელონაში, თუმცა რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტ სივრცეში გაიჟონა სმარტფონების სრული ტექნიკური მახასიათებლები და დიზაინის რენდერები. ინფორმაცია 100%-ით სანდო და რეალურია.
წინამორბედებთან შედარებით, ახალი სმარტფონები არც თუ ისე დიდია ზომაში, რადგან საკმაოდ ბევრ ადამიანს არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ ორივე G4 მოდიდო ზომის იყო და 5.5 ინჩიანი ეკრანები ჰქონდათ. Motorola-მ გაითვალისწინა მოხმარებლის აზრი და G5 სერიის სმარტფონები ამჯერად 5 და 5.2 ინჩიანია, რაც საკმაოდ კარგი ზომაა. გარდა ამისა, ორივე G5-სა და G5 Plus-ს აქვს თითის ანაბეჭდის სენსორი, თუმცა ამჯერად სხვაობა უფრო დიდია ვიდრე წინა წელს იყო.
Moto G5 Plus
Moto G5 Plus-ს გააჩნია ალმასით დამუშავებული სრულიად მეტალის კორპუსი და არის საკმაოდ თხელი, მისი სისქე 7.9 მილიმეტრია. მისი ეკრანი 5.2 ინჩიანია 1080P რეზოლუციით, 424ppi პიქსელთა სიმჭიდროვით და Gorilla Glass 3 დამცავი შუშით. მისი გული Qualcomm Snapdragon-ის 625 სერიის პროცესორია 2GhZ ტაქტიკური სიხშირით, ნაცვლად წინამორბედის 617-ისგან, რომელიც ძალიან ხურდებოდა. Snapdragon 625-მა თავისი შესაძლებლობები მშვენივრად ანახა, ის არ ხურდება, ძალიან სწრაფი და ამავდროულად ენერგო ეფექტურიცაა. შეგახსენებთ, რომ ეს იგივე პროცესორია, რომელიც Moto-მ შეარჩია თავისი Z Play-ისთვის. G5 Plus-ს აქვს 64გბ შიდა მეხსიერება MicroSD ბარათის სლოტის მხარდაჭერით. ოპერატიულ მეხსიერებას რაც შეეხება, ის 2გბ-ია, რაც სავსებით საკმარისია სუფთა ანდროიდზე მომუშაე მოწყობილობისთვის. შესაძლოა სმარტფონის 4გბ ოპერატიულიანი ვერსიაც ვიხილოთ, ისევე როგორც G4 იყო 2,3,4გბ ვერსიაში, თუმცა ეს უკანასკნელი საქართველოს ბაზრისთვის შესაძლოა არ იყოს. მთავარი კამერა ამჯერად 12 მეგაპიქსელიანია წინამორბედის 16-თან შედარებით, თუმცა ამჯერად აქ გამოყენებულია მაღალი კლასის Sony IMX362 სენსორი f/2.0 აპერტურით, რომელიც წინამორბედთან შედარებით 25%-ით მეტ შუქს უშვებს სენსორიში და აქვს ფოკუსის ახალი Dual Autofocus სისტემა, რომელიც აერთიანებს ლაზერულ + ფაზურ ავტოფოკუსს. წინა კამერა 5 მეგაპიქსელიანია და ფართო კუთხოვანი ლინზითაა აღჭურვილი. ბატარეა 3000 მილიამპერიანია და გააჩნია Moto-ს Turbo Power სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია. მას ასევე აქვს ჩაშენებული NFC ჩიპიც მობილურით გადახდებისათვის.
Moto G5
Moto G5-ს გააჩნია უფრო კომპაქტური, 5 ინჩიანი ეკრანი 1080p რეზოლუციით, 441ppi პიქსელთა სიმჭიდროვით და აქაც Gorilla Glass 3 შუშით. ის მუშაობს ახალ Qualcomm Snapdragon 430 რვა ბირთვიან პროცესორზე 1.4 გიგაჰერცი ტაქტიკური სიხშირით, აქვს 32გბ შიდა და 2გბ ოპერატიული მეხსიერება, აქედან შიდა მეხსიერების გაზრდა თავისუფლადაა შესაძლებელი MicroSD ბარათის სლოტით, ისევე როგორც G5 Plus. მთავარი კამერა, წინამორბედის, G4-ის მსგავსად 13 მეგაპიქსელიანია, აქვს ფაზური ავტოფოკუსი, რომელიც ძალიან სწრაფია, წინა კამერა კი 5 მეგაპიქსელიანი ფართო-კუთხოვანი ლინზითაა აღჭურვილი. ბატარეა 2800 მილიამპერიანია, შესაძლებელია მისი ამოღება და გააჩნია სწრაფი დამუხტვის Rapid Charge ფუნქციაც.
ორივე მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება მთვარისფერ ნაცრისფერ და სადა ოქროსფერ ფერებში. სმარტფონები ოფიციალურად დაანონსდება 26 თებერვალს, MWC გამოფენაზე. ფასები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, ეს იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი მიდ-პრემიუმ ხაზის სმარტფონები, როგორც G სერია ყოველთვისაც იყო.