[IFA 2016] ახალი ჭკვიანი საათები Samsung, ASUS და Xiaomi-სგან

დაბრუნება Posts

[IFA 2016] ახალი ჭკვიანი საათები Samsung, ASUS და Xiaomi-სგან


მოგეხსენებათ, ბერლინში 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით იმართება ყოველწლიური ტექნიკის გამოფენა/კონფერენცია IFA (Internationale Funkausstellung Berlin), სადაც კომპანიები ახალ ტექნიკას და გაჯეტებს წარუდგენენ მომხმარებელს.

წინა წლების მსგავსად, წელსაც IFA გამოფენაზე დიდი ნაწილი უკავია ჭკვიან საათებს. Samsung და ASUS-მა თავიანთი წინამორბედი საათების გაგრძელებები წარადგინეს, თუმცა Xiaomi ჭკვიანი საათების კატეგორიაში პირველად შევიდა და კომპანიის პირველი ნამუშევარი გამოუშვა, თუმცა რა თქმა უნდა ყურადღების ყველაზე დიდი ნაწილი მაინც Samsung-ს უკავია.

Samsung Gear S3

GearS3_PressRelease_Main_1_1წინა წლის Gear S2 საათების მსგავსად, Samsung-მა ისევ 2 საათი წარადგინა – Gear S3 Classic და Gear S3 Frontier. წინამორბედებისგან განსხვავებით, ახალი საათის ეკრანები გაიზარდა 1.3″-მდე, 46მმ დიამეტრში, თუმცა კომპანია ამბობს, რომ ის ისევ გააგრძელებს S2-ის გაყიდვას, S3 უბრალოდ არსებულ საათების პორტფოლიოს შეემატა. მათთვის, ვისთვისაც ახალი საათი ძალიან დიდია, შეუძლია თავისუფლად S2 იყიდოს, რადგან განსხვავება სპეციფიკაციებში, არსებულ მოდელსა და წინა წლის მოდელს შორის ძალზედ მინიმალურია.

ახალ საათებში გაუმჯობესებულია Always On ფუნქცია, ამ რეჟიმში საათის ეკრანებს ახლა 16 მილიონი ფერის ჩვენება შეუძლიათ (S2-ის 8 ფერთან შედარებით) და ისინი უფრო ენერგო-ეფექტურია.

საათებს ასევე დაემატათ სრული Samsung Pay-ს მხარდაჭერა, მათში ახლა NFC ჩიპის გარდა, MST ჩიპია ჩაშენებული, რომლის შედეგად მომხმარებელს ფიზიკურად ნებისმიერ მაღაზიაში შეეძლება უკონტაქტოდ გადახდა.

რა განსხვავებაა Gear S3 Classic-სა და Frontier-ს შორის?

Gear S3 Frontier (პირველი) და Gear S3 Classic

Gear S3 Frontier (პირველი) და Gear S3 Classic

იქ სადაც Classic დამზადებულია 316L უჟანგავი ფოლადისგან და უფრო კლასიკური ადამიანისთვისაა განკუთვნილი, Frontier სპორტული ადამიანისთვისაა. ის სამხედრო ტიპის დაცვითაა აღჭურვილი, შეუძლია გაუძლოს ექსტრემალურ ტემპერატურებს და პირობებს, თუმცა ამის მიუხედავად ორივე საათი აღჭურვილია IP68 წყალგაუმტარობის სერტიფიკაციით და ახალი ტიპის Gorilla Glass SR+ შუშით.

ASUS ZenWatch 3

ASUS-მა, ოთხკუთხედი ZenWatch და ZenWatch 2-ის შემდგომ წარადგინა მრგვალი ZenWatch 3, Qualcomm-ის ახალი, ჭკვიანი საათებისათვის ოპტიმიზირებული პროცესორი – Snapdragon 2100-ით.

Asus-ZenWatch-3

საათს გააჩნია 1.39″ Amoled ეკრანი 400×400 რეზოლუციით და სხვა დანარჩენი საათების მსგავსად 4GB შიდა და 512მბ ოპერატიული მეხსიერება. ახალი პროცესორის ხარჯზე საათი ძალზედ თხელია (10.75მმ) და გააჩნია უფრო მძლავრი ბატარეის ხანგრძლივობა, როგორც კომპანია იუწყება, ის 2 სრულ დღეს უპრობლემოდ გაძლებს. როგორც ყოველთვის, საათი მუშაობს Android Wear პლატფორმაზე, თუმცა ეს ახალი 2.0 ვერსიაა, რომელიც სრულიად განსხვავდება ძველისგან. საათი ძალიან მალე ჩაეშვება გაყიდვაში და 300$-მდე ეღირება.

Xiaomi Amazfit

Xiaomi საუკეთესოდ ცნობილია ძალიან კარგი სპეციფიკაციების მქონე სმარტფონებით, რომლებიც დაბალი ფასით გამოირჩევიან. კომპანია ამ ტრადიციას აგრძელებს და ამჟამად გვთავაზობს თავის პირველ ჭკვიან საათს – Xiaomi Amazfit-ს.

xiaomi-amazfit

საათს გააჩნია 1.34″ ეკრანი 300×300 რეზოლუციით, 1.2GhZ პროცესორი, 512მბ ოპერატიული, 4GB შიდა მეხსიერება და 200mAh ბატარეა და რაც მთავარია აქვს GPS, ასევე აღჭურვილია IP67 წყალგაუმტარობის სერტიფიკაციით და გულის ცემის სენსორით. კომპანია იუწყება, რომ მიუხედავად ასეთი პატარა ბატარეის მოცულობისა, საათი 5 დღემდე გაძლებს (30 საათი GPS-ის გააქტიურების შემთხვევაში). ოპერაციულ სისტემას რაც შეეხება, ეს საათებისათვის ოპტიმიზირებული Android Wear-ია, თუმცა ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ეს მოდიფიცირებული ვერსიაა და Google-ის აპლიკაციები მას არ აქვს.

საათი ჩინეთში უკვე დღეიდან გაიყიდება, 799 Yuan-ად (დაახლოებით 120$), თუმცა ამერიკაში და ევროპაში შემოტანაზე კომპანია არაფერს ამბობს.

 


გააზიარე

დაბრუნება Posts