Nexus 6P – ექვს ვარსკვლავიანი სმარტფონი Huawei-სგან

დაბრუნება Posts

Nexus 6P – ექვს ვარსკვლავიანი სმარტფონი Huawei-სგან


რამდენიმე დღის წინ კომპანია Huawei-მ სასიამოვნოდ გაგვაოცა და მათი უახლესი სმარტფონი Nexus 6P გამოგვიგზავნა. 3 დღის განმავლობაში მთელი ჩვენი გუნდი აქტიურად ტესტავდა და ცდილობდა გამოევლინა სმარტფონის, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები. ქვემოთ, გთავაზობთ ფლაგმანური მოწყობილობის სიღრმისეულ მიმოხილვას.

DSC05314

კორპუსი, ერგონომიკა და კომპლექტაცია

სმარტფონის კორპუსი მონოლითურია და ძალზედ საიმედო კონსტრუქციის შთაბეჭდილებას ტოვებს. პირველივე აბზაცში მინდა ვახსენო, რომ ის ვიდეო რომელშიც Nexus 6P-ის ადვილად გადაღუნვის კადრებია ნაჩვენები სრული ფარსია, სმარტფონის კონსტრუქცია ძალიან მყარია და კარგად არის აწყობილი. თუმცა არის ერთი მინუსი, კორპუსის უკანა მხარე (განსაკუთრებით შავი ფერის მოდელში) შესაძლოა ადვილად დაიკაწროს, ამიტომ ყველას ვურჩევთ, რომ ჩასადები ან შალითა იხმარონ.

მიუხედავად მისი გაბარიტებისა (159.3 x 77.8 x 7.3 მმ) და წონისა (178 გრამი), სმარტფონი ხელში მეტ-ნაკლებად ნორმალურად აღიქმება და მისი მოხმარება, როგორც ცალი ასევე ორივე ხელით არის შესაძლებელი. მომხმარებელმა აქვე უნდა გაითვალისწინოს, რომ მეტალის კორპუსი ხელში ადვილად ცურავს და დიდია ალბათობა იმისა, რომ ტელეფონი ხელიდან გაგისხლტეთ. ტელეფონის დამცავი ჩასადებში ხმარებას მეორე მიზეზიც აქვს 🙂

ეკრანის ზემოთ, ტრადიციულ ადგილზე მოთავსებულია ფრონტალური 8 მეგაპიქსელიანი კამერა. მარჯვენა მხარეს ნახავთ ხმის კონტროლისა და ბლოკირების ღილაკებს, მათი გარჩევა ტაქტილურად ძალიან მარტივია, ვინაიდან ერთის ზედაპირს მეტალის ფაქტურა აქვს, ხოლო მეორეს ზედაპირი კი პრიალაა. მარცხენა მხარეს სიმ ბარათის სლოტია, ზევით ვნახავთ აუქსის მინიჯეკს ყურსასმენებისათვის, ხოლო ქვევით – USB C პორტს.

DSC05328 DSC05326 DSC05324

მართალი გითხრათ USB C პორტის გამოყენება ცოტა გაორებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, ერთის მხრივ ძალიან მოსახერხებელია ის, რომ სატენის შეერთება ნებისმიერი მხრიდან შეიძლება, მეორეს მხრივ კი რთულია ასეთი კაბელის შოვნა თუ კი ერთი დაზიანდა ან დაგეკარგათ. უკანა მხარეს რაც შეეხება, იგი ალუმინისაა და იქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვიპოვით გარდა თითის ანაბეჭდების სკანერისა.

DSC05334

თითის ანაბეჭდის სკანერის განლაგება სრულიად მისაღებია, მაგრამ ეს არ ვრცელდება სიტუაციაზე, როდესაც სმარტფონი მაგიდაზე დევს და ბლოკის მოხსნა გვჭირდება, ამ შემთხვევაში მისი განლაგება მოუხერხებელია და თქვენ მოწყობილობის აუცილებლად ხელში აღება გიწევთ.

Huawei Nexus 6P ოთხი ფერის ვარიანტში გამოდის: შავი, თეთრი, ოქროსფერი და ნაცრისფერი. კომპლექტაციას რაც შეეხება, იგი არც ისე მდიდარია და მოიცავს: თავად სმარტფონს, USB C კაბელს, USB C დან USB-ზე გადამყვან მოკლე კაბელს, დამტენსა და დოკუმენტაციას.

DSC05306

პროცესორი, ჩიპსეტი და გრაფიკა

Huawei Nexus 6P ფლაგმანი სმარტფონია და შიგთავსიც შესაფერისი დონის აქვს. მოწყობილობაში გამოიყენება Qualcomm Snapdragon 810 ჩიპსეტი, პროცესორი: ოთხ ბირთვიანი Cortex-A53 (1.55 GHz) ან Cortex-A57 (2 GHz), გრაფიკული ბარათი Adreno 430, ოპერატიული მეხსიერება: 3 გბ და მეხსიერების ვარიანტები: 32/64/128 გბ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მინიმალური მეხსიერების ვარიანტი 32 გბ-ია, რაც აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია. რაც შეეხება ძირითად მახასიათებლებს ისინი სრულიად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და სოფტის ოპტიმიზაციის დახმარებით აპარატული მხარე იდეალურად მუშაობს.

თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ხანგრძლივი მოხმარების დროს, როდესაც სმარტფონის პროცესორები დატვირთულია, მოწყობილობა შესამჩნევად თბება. რა თქმა უნდა ამის მიზეზი Qualcomm Snapdragon 810, რომლის გაცხელების შესახებ არა ერთი ფლაგმანური სმარტფონების მომხმარებლები მიუთითებენ. თუმცა აქვე დავძენ რომ, სმარტფონი თითის სკანერის ზემო არეალში თბება და სმარტფონის გაბარიტებიდან გამომდინარე ამ ადგილზე ხელი იშვიათად ხდება.

აქვე მინდა წარმოვადგინო Antutu-ს ტესტის შედეგები:

Screenshot_20151224-170120 Screenshot_20151224-170143

როგორც ხედავთ ციფრები შესაძლებლობებზე მეტყველებენ.

ეკრანი

მოწყობილობა აღჭურვილია 5.7 ინჩიანი AMOLED ტიპის ეკრანით, რომელსაც გააჩნია 1440 x 2560 (518 ppi) პიქსელი გაფართოება. ეკრანი ძალიან მკვეთრია, პიქსელების შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ეკრანზე სურათის და განსაკუთრებით ფონტების აღწარმოება ძალიან მკვეთრია და ეს სმარტფონის მოხმარებას ძალიან სასიამოვნოს ხდის. თუმცა აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ეკრანის მიერ გადმოცემული ფერები ზედმეტად არის გაჯერებული და სხვა სუპერ-სმარტფონებთან შედარებით არარეალურად გადმოსცემენ ფერთა გამას. თუმცა ზოგ მომხმარებლისთვის ეს სასიამოვნოც კი არის.

DSC05348

აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ Huawei-მ ამ მოდელში Samsung-ის ის ეკრანი გამოიყენა, რომელიც განთავსებულია Note 5-ში. თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩდა. Nexus 6P-ის ეკრანი ფერების გადმოცემით და  თეთრი ფერის აღწარმოებით განსხვავდება Samsung Note 5-ისგან. Nexus-ში თეთრი ფერს ერთგვარი ყვითელი ტონი დაჰკრავს, თუმცა ეს AMOLED ტიპის ეკრანებისთვის დამახასიათებელია.

შედარება Moto G-ს ეკრანთან

მარცხნივ Nexus 6P, მარჯვნივ Moto G 2016

ასევე მნიშვნელოვანია ეკრანის ზომის თანაფარდობა ტელეფონის კორპუსის გაბარიტებთან (screen-to-body ratio) რომელიც აქ 71.4%-ს შეადგენს. მართალია Nexus 6P-ემ ამ მონაცემით აჯობა მის პატარა ძმას Nexus 5X (70.4%), მიუხედავად ამისა მაინც არსებობენ ფლაგმანური სმარტფონები რომლებსაც უფრო შთამბეჭდავი რეზულტატი აქვთ, მაგალითად: Motorola Moto X Style – 74.9%.

ეკრანი დაცულია “გორილა გლასს” 4-ით და მას გააჩნია ოლეოფობიული ზედაპირი.

ოპერაციული სისტემა

სმარტფონში გამოყენებულია ანდროიდის ოპერატიული სისტემა ნებისმიერი სხვა დანამატების და სტეროდიების გარეშე. ჩვენი მოდელი მუშაობს Marshmallow 6.0.1 ბაზაზე, რომელიც ჩემის აზრით დღესდღეობით ყველაზე დახვეწილი ოპერაციული სისტემაა. განახლებულ ანდროიდი ძალიან ჰგავს 5.1 ვერსიას თუმცა გააჩნია ძალიან საინტერესო და მომხმარებელზე მორგებული “თვიქები”.

რაც მთავარია, Nexus 6P, როგორც მისი წინამორბედები, პირველი მიიღებს ანდროიდის განახლებებს.

აუდიო

აუცილებლად უნდა ვისაუბროთ აუდიო ჩიპის შესაძლებლობებზე. ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა ნამდვილი სიამოვნებაა, ხმის ჟღერადობა ძალიან მაღალია და მკვეთრია. მოწყობილობას შესანიშნავი ბასის და მაღალი სიხშირეების გადმოცემა შეუძლია. ტელეფონი ნამდვილად გაახარებს მუსიკის ფანატებს.

ფრონტალურ მხარეზეა, ძალიან კარგ არის განთავსებული ორი სტერეო დინამიკი, ვინაიდან მათ ჟღერადობას ხელს არაფერი უშლის. დინამიკებს ხმა საკმაოდ მაღალი აქვთ, თუმცა მაქსიმალურ დონეზე შესამჩნევია ხმის ოდნავი დამახინჯება, მისაღებ ფარგლებში.

თითის ანაბეჭდის სკანერი

როგორც უკვე ვისაუბრეთ, თითის ანაბეჭდის სკანერის ადგილმდებარეობა საკმაოდ საკამათო თემაა, ვერ ვიტყვით ცალსახად რომ იგი ძალიან ცუდ ადგილზეა, რიგ შემთხვევაში არც ისე რთულია მისი გამოყენება, მაგრამ აიფონის მსგავსი პოზიცია ნამდვილად უმჯობესი იქნებოდა.

სკანერის რეალიზაცია ძალიან მაღალ დონეზეა, იგი მუშაობს კორექტულად და ძალიან სწრაფად. ასევე ადვილი მოსახმარია თვით ანდროიდ 6.0.1 -ის პროგრამული უზრუნველყოფა, მომხმარებელს სულ რამოდენიმე წუთი სჭირდება ტელეფონის გასამართად.

google-nexus-imprint-1

ავტონომიურობა

Huawei Nexus 6P ავტონომიურობა ნამდვილად გაგაკვირვებთ, 3450 მილიამპერ საათი მოცულობის მქონე ელემენტის საშუალებით იგი მუშაობს უმეტეს თანამედროვე სმარტფონებზე უფრო დიდ ხანს.  შერეული რეჟიმით გამოყენების შემთხვევაში დღის ბოლოს 30% აუცილებლად მოგყვებათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფონურ რეჟიმში მომუშავე აპლიკაციებს სმარტფონი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ელემენტი სწრაფად დააჯინოს, ხოლო აქტიური ეკრანის რეჟიმში, თქვენ თამამად შეგიძლიათ გქონდეთ 5 საათამდე მუშაობის იმედი. რიგი სერვისების გამორთვის შემთხვევაში სმარტოფნი გაცილებით დიდ ხანს იმუშავებს ჩართული ეკრანით.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დამუხტვის სისწრაფეც, 15% იდან 80% მდე სპეცილაურმა 3 ამპერიანმა სატენმა მოწყობილობა 1 საათსა და 25 წუთში დატენა. თანაც, დამუხტვის დროს სმარტფონი აქტიურად იყო დატვირთული.

DSC05341

კამერა

ძირითადი ფოტოკამერის ხარისხი ძალიან მაღალია, მასში არსებული ლაზერული ავტოფოკუსის საშუალებით სმარტფონი ძალიან სწრაფად ასწორებს ფოკუსს და ნებისმიერ რეჟიმში, მათ შორის მაკრო რეჟიმშიც ძირითადი კამერა თავს კარგად გრძნობს. ასევე აღსანიშნავია პროგრამული ადაპტაციაც, ვინაიდან არასაკმარისი განათების პირობებშიც კი სმარტფონი ხარისხიან ფოტოებს იღებს, მობილური მწყობილობისთვის კატასტროფულ ISO 1600-ზეც კი მატრიცის ხმაური არ შეიმჩნევა, რაც პროგრამულ ოპტიმიზაციაზე მიუთითებს.

IMG_20151226_023925 IMG_20151226_031759 IMG_20151226_031512

აქვე არ მინდა გამომრჩეს HDR-ის შესაძლებლობები, რომელიც ამ სმარტფონში ნამდვილად შეიმჩნევა. ქვემოთ მოცემულ ორ სურათზე მარცხენა გადაღებულია HDR-ის გარეშე, ხოლო მარჯვენა HDR-ის გააქტიურებით.

IMG_20151226_024123 IMG_20151226_024128

როგორც ხედავთ, ფონური განათებასთან გამკლავება ამ სმარტფონს ნამდვილად შეუძლია.

რაც შეეხება ფრონტალურ კამერას, მისი რეზოლუცია 8 მეგაპიქსელია და პირველ რიგში სელფის მოყვარულებს გაახარებს, თუმცა მეგაპიქსელების გარდა დიდად აღსანიშნავი მასში არაფერია, აი ძირითადი კამერა კი მართლაც ქებას იმსახურებს. ვიდეო შესაძლებლობებს რაც შეეხება 4K ვიდეო შესანიშნავად გამოიყურება თუ კი გადაღებისას სმარტფონს არ ვამოძრავებთ, კადრების სიხშირეც სტაბილურია და ფერებიც ნატურალური. მთლიანობაში კამერა ძალიან მოგვეწონა და ვფიქრობთ ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც კი დააკმაყოფილებს.

იხილეთ კამერის 2 ვიდეო ნიმუში, ერთ-ერთი სტანდარტული, ხოლო მეორე ე.წ. Slow Motion ვიდეო რეჟიმით:

ვერდიქტი

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია გითხრათ რომ Huawei Nexus 6P დღეისათვის საუკეთესო ანდროიდ სმარტფონია, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს Apple-ის პროდუქციას. თუ კი თქვენ გსურთ სტაბილური განახლებები უახლოესი ორი წელი და ამავე დროს სუფთა ანდროიდ ანიჭებთ უპირატესობას, ეს სმარტფონი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება თქვენთვის.

რაც შეეხება ფასს, ვთვლით რომ დაანონსებული ფასი 1499 კონკურენტულია და ფასი -ხარისხის მაჩვენებელი ამ მოწყობილობას ნამდვილად მაღალი აქვს. რაც მთავარია, სმარტფონის შეძენის შემთხვევაში მწარმოებელი მას 3 საჩუქარს აყოლებს: ბლუთუს დინამიკი, ყურსასმენები და სპეციალური დამცავი ჩასადები.

აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ Huawei Georgia-ს სმარტფონის მოწოდებისთვის.

ირაკლი ჯორჯელი / ზაურ კუნჭულია


გააზიარე

დაბრუნება Posts